მოშუშული ისპანახის რეცეპტი
ინგრედიენტები
- ისპანახი – 2 კგ
- სოდა – 0.5 ჩკ
- ხახვი – 3 ც
- ნიორი – 2 კბილი
- ქინძი
- დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ.
ტაფაზე კახურ ზეთში მოშუშეთ ხახვი, ნიორი, დაუმატეთ დანით დაკეპილი ისპანახი, ქინძი, მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.
ისპანახის შემადგენლობა:
წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი… ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.
ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი „მუხტავს” მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს.
ისპანახი ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები. სხვა ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო შეიცავს მეტ კაროტინს, ვიდრე ისპანახშია, ხოლო რკინის მაღალი შემცველობის წყალობით ისპანახი ჰემოგლობინს გააქტიურებასა და უჯრედების ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება; ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის მიერ ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს.
ისპანახი ძალზე სასარგებლოა ორსულებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან მასში თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მრავალი მინერალური ნივთიერებაა; ამ ბოსტნეულს შენაშნავად ითვისებს ორგანიზმი, რადგან მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლისა და პანკრეასის მოქმედებას. გამოფიტვის, ნერვულის სისტემის დაავადებების, ანემიის, ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტისა და ენტეროკოლიტის დროს კვებაში აქტიურად რთავენ ისპანახს, როგორც მსუბუქი შარდმდენი, საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედების მქონე დიეტურ პროდუქტს.
ისპანახი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ როგორც დიეტური პროდუქტი, არამედ როგორც პროფილაქტიკური და მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება. ისპანახი კარგია კბილებისა და ღრძილებისთვის, ხელს უშლის ანემიისა და სიმსივნეების განვითარებას, აძლიერებს სისხლძარღვოვან სისტემას, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას და აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას. სიმსივნეებზე ისპანახის მოქმედება იმდენად ეფექტურია, რომ ექიმები მას სხივური დაავადების დროს დამატებითი დიეტის სახით ნიშნავენ.
ისპანახი იცავს დაზიანებისგან ლორწოვან გარსს, აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას, მონაწილეობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებაში და ადამიანს ზედმეტი წონის დაკლებაში ეხმარება. ადამიანებს, რომლებიც ხშირად იმყოფებიან სტრესულ ვითარებაში, ისპანახი სიმშვიდესა და შრომისუნარიანობის აღდგენაში ეხმარება.
ისპანახი შეიცავს იოდს, ამიტომ ის დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. მას ორგანიზმი ადვილად ამუშავებს და სწრაფად ითვისებს.
ისპანახში ბევრი უჯრედისი და ქლოროფილია, ამიტომ ის ნაწლავების მუშაობას ასტიმულირებს და ძალზე ეფექტური საშუალებაა შეკრულობის დროს.
ისპანახი ძალიან კარგად მოქმედებს თვალებზე. მასში შემავალი ნივთიერება ლუთეინი გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას. თუ ადამიანი კვირაში რეგულარულად თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გაცილებით გვიან იჩენს თავს. თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ მის აღსადგენად ადამიანმა დღე-ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს.
ისპანახს იყენებენ როგორც ცოცხლად, ისე მოხარშული სახით, ღვეზელების გულსართად, სალათებში და ა.შ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისპანახი ორგანიზმს ხორცის, თევზის და სხვა ცილოვანი საკვების გადამუშავებაში ეხმარება.
რა თქმა უნდა, ცოცხალი ისპანახი ბევრად სასარგებლოა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისპანახი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, როდესაც ბოსტნეული მოხარშვის შემდეგ თავის სასარგებლო თვისებებს კარგად ინარჩუნებს.
ისპანახის ახალი წვენი, თუ მას უზმოზე მივიღებთ, წმენდს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და ენერგიის მარაგებს ავსებს, წვენი ასტიმულირებს ბევრი ორგანოსა და სისტემის მუშაობას: კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებსა და ნაწლავებზე, შველის ასთმისა და მშრალი ხველის დროს.
ღრძილების ანთების დროს მას ივლებენ პირში, ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისას – ყელში. ისპანახის წვენი ორგანიზმზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.