ლიმონი კასრში
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რომელიც ოთახის პირობებში კარგად ხარობს და მოსავალსაც იძლევა.
ამიტომ გირჩევთ მის მოშენებას ხის კასრში, რაც არცთუ ისე ძნელი საქმეა.
პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ სათანადო ჯიში. ჩვენში უმთავრესად იყენებენ „ახალქართულს“, „ლისბონისა“ და „ვილაფრანკას“ ჯიშებს, რომლებიც მცირე ზომისა იზრდება, სამაგიეროდ, უხვმოსავლიანია.
გამრავლების ყველაზე ადვილი მეთოდია კალმების დაფესვიანებით და გადაწვენით, ანუ „საჰაერო ქოთნებით“ გამრავლება. ლიმონის კალამი ადვილად ფესვიანდება. ამ გზით გამრავლებული კასრის კულტურა უკვე მეორე-მესამე წელს მსხმოიარობს. საკალმე მასალას იღებენ უკვე მსხმოიარე ხეებიდან. სასურველია, კალმის აღება კასრის კულტურიდან. დასაფესვიანებლად ვარგისია ზრდასრული 2-3-წლიანი ტოტი.
ქოთნის ფსკერზე 2-3 სმ სისქის ფენად ყრიან წვრილად დამტვრეულ აგურს, შემდეგ აყრიან მდინარის მსხვილმარცვლოვან ქვიშასა და ბაღის მიწას, ხოლო სულ ზედა ფენად – მდინარის სილას. კალამს რგავენ ოდნავ დახრილად ისე, რომ ნიადაგში მისი 1/3 ნაწილი მოთავსდეს. დარგვამდე კალმის ქვედა ნაწილს ათავსებენ თბილ წყალში, ან კანს რამდენიმე ადგილას დასერავენ.
დარგვის შემდეგ თითოეულ კალამს ახურავენ მინის ქილას. ქოთნებს ათავსებენ ოთახში, რომ მზის სხივები უშუალოდ არ ხვდებოდეს კალმებს. დაფესვიანება შეიძლება გაზაფხულ-ზაფხულშიც და ზამთარშიც, საჭირო სითბოს რეჟიმის დაცვით.
კასრი, რომელშიც გადაგვაქვს დაფესვიანებული კალმები, უნდა შეივსოს თიხნარი მიწით, რათა ფესვები მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ნიადაგთან. ნერგი კასრში ისე უნდა დაირგოს, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს იყოს. მორწყეთ საჭიროების მიხედვით.
ოთახის ლიმონს რომ ფოთლები არ დასცვივდეს
ხშირ შემთხვევაში ზამთრობით მცენარეს ფოთლები სცვივა, ამის მიზეზია ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, რომელიც იწვევს ფოთლების ცვენას, ხის დასუსტებას, ხოლო შემდგომში _ მსხმოიარების გაუარესებას. მცენარე არ უნდა მოათავსოთ ისეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა მკვეთრად მერყეობს. უმჯობესია, ის დაიდგას ცივ ოთახში, რომელიც საერთოდ არ თბება, ოღონდ ტემპერატურა 6-7º-ზე დაბლა არ უნდა ეცემოდეს.
ლიმონის ბუჩქი მთელი ზამთრის განმავლობაში ყვავილობს და ნაყოფს იძლევა, თუ ოთახში ტემპერატურა მუდმივად 16-22º-მდეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ, თუ ოთახში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა დაბალია, ლიმონს ფოთლები სცვივა და, შესაბამისად, მოსავალიც იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც ვარჯს შევასხუროთ ოდნავ შემთბარი წყალი.
ფორთოხლის ხე თქვენს ბინაში
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები