ორშაბათი, ოქტომბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა – მისი ხატება “მონანიებაში ” და ფრაზა “რა...

ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა – მისი ხატება “მონანიებაში ” და ფრაზა “რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს” ადამიანთა გულებში მარადიულად იცოცხლებს.

6 ოქტომბერი ქართული სცენის თვალსაჩინო წარმომადგენლის, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა.

მისი ხატება “მონანიებაში ” და ფრაზა “რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს” ადამიანთა გულებში მარადიულად იცოცხლებს.

ქართული კინო-თეატრის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120 წელი გავიდა, მისი რეალური დაბადების წელი 1897-ია, თუმცა იმის გამო რომ მას წლებზე საუბარი არ უყვარდა, ოფიციალურ დოკუმენტში დაბადების თარიღად 1900 წლის 6 ოქტომბერია მითითებული (ძვ. სტილით 23 სექტემბერი).

ვერიკო თეატრალურ ოჯახში იზრდებოდა, ადრეული ასაკიდანვე დგამდა წარმოდგენებსა და ირგებდა მისთვის სასურველ როლებს. როდესაც აკაკი წერეთელს პატარა ვერიკო უნახავს, მოხიბლულა მისი ნიჭით, ხელში აუყვანია და უთქვამს: “შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში, კარგად დაიხსომე!’’.  პოეტის ეს შეგონება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, ვერიკო არა მარტო მეოცე საუკუნის, არამედ ქართული თეატრისა და კინოს სახედ იქცა.

მიხეილ ჭიაურელი იხსენებს…

მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა… ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც… “ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს”,- გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, – მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა… ვერაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…

ვერიკო ანჯაფარიძის ანდერძი

„თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, – მამისა და ძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს, – ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები – ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია, მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალება – უნდა გაკეთდეს ინექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!” – წერ­და ვერიკო ანჯაფარიძე ან­დერ­ძში…

  უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების უკანასკნელი სიტყვები – ექსკლუზიური ინტერვიუ სერჟანტთან, რომელზეც რუსული სპეცსამსახურები ნადირობენ

ვერიკო ანჯაფარიძე იყო საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი.

ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა ქუთაისელი ინტილიგენციის ოჯახში. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში – ს. აიდაროვისა და თბილისში – გ. ჯაბადარის დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 წლებში – ბათუმის თეატრისა და თბილისის “მუშათა თეატრის”, 1928-1932 წლებში – ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 წლებში მუშაობდა მოსკოვის “რეალისტურ თეატრში”, სადაც მ. გორკის “დედაში” შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის განმავლობაში ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის “ჰამლეტი”), ივდითი (კ. გუცკოვის “ურიელ აკოსტა”), დეზდემონა (უ. შექსპირის “ოტელო”), ლიზი (ნ. შიუკაშვილის “სულელი”), გინატრე (შ. დადიანის “ნინოშვილის გურია”), მარგარიტა (ა. დიუმას “მარგარიტა გოტიე”), ცაბუ (შ. დადიანის “ნაპერწკლიდან”), აიშე (ი. ვაკელის “შური”), ლარისა (ა. ოსტროვსკის “უმზითვო”), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), მაყვალა (ა. ყაზბეგის “მოძღვარი”), კლეოპატრა ( უ. შექსპირის “ანტონიოს და კლეოპატრა”), დარეჯანი (ი. მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”), გრაფინია (პ. ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის “ლეგენდა სიყვარულზე”), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის “მარიამ სტიუარტი”), მედეა (ევრიპიდეს “მედეა”), ბებია (ა. კასონას “ხეები ზეზეურად კვდებიან”), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის “ღალატი”), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის “მოჩვენებანი”), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის “შთამომავლობა”), ნენი (პ. ზინდელის “გვირილა”), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის “მაკბეთი”), დედოფალი (მ. მრევლიშვილის “წამება დედოფლისა”), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს “პიგმალიონი”) და სხვა.

ანჯაფარიძემ შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო (“საბა”), ლუიზა (“კომუნარის ჩიბუხი”), კნეინა ბარათაშვილისა (“არსენა”), რუსუდანი (“გიორგი სააკაძე”), ჰანსის დედა (“ბერლინის დაცემა”), დაფინა (“სკანდერბეგი”), ოთარაანთ ქვრივი (“ოთარაანთ ქვრივი”), ნინო (“ბედნიერი შეხვედრა”), კნეინა (“რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”), პელაგია (“შეხვედრა წარსულთან”), მგზავრი (“მონანიება”) და სხვა.

ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის “ინჟინერი სერგეევი”, ა. კასონას “ხეები ზეზეურად კვდებიან”, ა. აღლაძის “მღელვარე დღეები”.

ანჯაფარიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

გარდაიცვალა 1987 წლის 30 იანვარს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები