აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის – აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა… როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.
ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არა მარხული ადამიანისგან. ის სათნოა და მიმტევებელი. ზოგადად, ასეთები უნდა ვიყოთ ყოველთვის, მაშინაც როცა არ არის მარხვა.
წელს აღდგომა 20 აპრილსაა.
დიდმარხვა იწყება 3 მარტს და 7 კვირა გრძელდება.
უკვე მსგეფსია. მსგეფსი 10 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში ოთხშაბათი-პარასკევი არ არის მარხვა.
17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით არის ხორციელის კვირა. 24 თებერვლიდან არის ყველიერის კვირა – ამ კვირაში მორწმუნეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რძის ნაწარმი, თევზეული და კვერცხი. ყველიერის კვირაში ხორცი აღარ მიიღება.
25, 26, 27 და 28 თებერვალს იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
მართლმადიდებლები და მორწმუნენი, ეფრემ ასურის ლოცვის იგივე სინანულის კანონის კითხვას უკვე იწყებენ. ეს ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინა ლოცვების შემდეგ იკითხება.
ლოცვის კითხვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან ვიწყებთ და ვკითხულობთ პარასკევის დილის ჩათვლით, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან ისევ ვაგრძელებთ და მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვკითხულობთ ვნების კვირის ოთხშაბათის დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე.
ლოცვა ეფრემ ასურისა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).
***
ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს.
ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული იქნება.
პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.
ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის ცხონებისაკენ მიმავალი გზა.
მიცვალებულთა ხსენების დღეებია: 22 თებერვალი, 15 მარტი, 22 მარტი, 29 მარტი.
7 აპრილი – ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით). 12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით). 13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).
20 აპრილს ვზეიმობთ აღდგომას!