დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს, სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე, გამოქვეყნდება აღნიშნული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაცია და დაიწყება კანონმდებლობით განსაზღვრული დეტალური მუშაობა, საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის.
მინისტრის თქმით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
„ცნობილია, რომ ქუთაისში, მიმდინარეობს აღნიშნული ოჯახების, მორიგი ნაწილისთვის, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლის მშენებლობაც ფინალურ ეტაპს უახლოვდება.
უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ის დასრულდება და ჩვენ შეგვეძლება, 1040 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ბინა. არის გათვალისწინებული 1, 2 და 3-ოთახიანი ბინები, რომლებიც განაწილდება ოჯახის სულადობის მიხედვით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების წარმოდგენილი განცხადების წინასწარი შეფასების მოსამზადებლად. სულ, 5 706 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან, წინასწარი მონაცემებით, შემდგომ განხილვას ექვემდებარება 3 905 ოჯახის განაცხადი.
ამ პროცესში, ყველას ექნება შესაძლებლობა, დღევანდელი დღიდან, 15 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებს სააგენტო გაივლის კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს და შედეგად, ჩამოყალიბდება იმ ოჯახების ჩამონათვალი, რომლებსაც მიენიჭება პრიორიტეტი მათი საჭიროებების სიმწვავის, ასევე ოჯახის წევრთა სიმრავლის მიხედვით.
მინდა, ვთხოვო ყველა დაინტერესებულ პირს, რათა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, მინიჭებული ქულა მოითხოვდეს დაზუსტებასა და გადახედვას. ამ გზით სააგენტო შეძლებს მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები, სწორედ განსაზღვროს პრიორიტეტები, სწორად განსაზღვროს , ვის რამდენად მწვავე საჭიროება აქვს საცხოვრებელი უზრუნველყოფისთვის.
ამავდროულად, მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების შედეგად და ეს არ არის საბოლოო შეფასება, ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ რაიმე წინასწარი დათვალიერებისა და პროგნოზებისგან თავი შეიკავონ.
ასვე იქნება გათვალისწინებული, რომ ეს არ არის ერთიანი სია. ბინების ზომების გათვალისწინებით და ოჯახების სულადობის მიხედვით განისაზღვრება და ჩამოყალიბდება საბოლოო გადაწყვეტილებები. სხვადასხვა ოჯახს აქვს განაცხადი ,ზოგ ერთოთახიან ბინაზე, ზოგს ოროთახიანზე და ზოგს სამოთახიანზე. აქვე გათვალისწინებული იქნება განსახლების წინა ეტაპზე დაუკმაყოფილებელი ოჯახებიც, რომელთაც კანონმდებლობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად აქვთ მინიჭებული პრიორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები