ლიმონი
მარადმწვანე ლიმონის ხის სიმაღლე 3-7 მ-ს აღწევს, აქვს ეკლებიანი ტოტები და მოგრძო დაკბილული, ტყავისებური ფოთლები. ნაყოფის სიგრძე 6-7 სმ-მდეა, დიამეტრი – 5-6 სმ, წონა – 120გ. ყვითელი ქერქი ეთერზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, აქვს მწარე, დამახასიათებელი არომატი. მომწვანო-მოყვითალო რბილობი წვნიანი და ძალიან მჟავეა. ნაყოფში დაახლოებით 20 ცალი ღია ფერის გლუვი თესლია მოთავსებული.
ლიმონი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
მოშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ის, მექსიკის, არგენტინის სუბტროპიკულ რაიონებში. ღია გრუნტში ლიმონის მოშენების უმთავრესი რაიონებია კავკასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავებს (უმთავრესად ლიმონის), ნახშირწყლებსა და ვიტამინებს, აგრეთვე პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. ნაყოფს იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონმჟავად და სხვ. ნამყენი ლიმონი მსხმოიარობს მე-3-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ცალი ნაყოფია.
ლიმონის ყოველი ნაწილი: ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი, ნასკვები, ახალგაზრდა ყლორტები, მერქანი ძველთაგანვე გამოიყენებოდა კვების მრეწველობაში, ტექნიკაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ლიმონის ყვავილებისგან მიღებული ნეროლის ესენცია სინაზითა და არომატით მხოლოდ ვარდის ზეთს ჩამოუვარდება.
ქერქისგან გამოხდილი ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში;
ქერქიდანვე მიღებული პექტინი წყალში ადვილად ხსნადი, თითქმის თეთრი, ნივთიერებაა, რომელსაც იყენებენ ზოგიერთი საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად, ხოლო მედიცინაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ და სისხლდენის შესაჩერებლად.
ნაყოფის რბილობი საუკეთესო ბუნებრივი ნედლეულია ლიმონმჟავას მისაღებად, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ტექნიკაში. ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა ნიკრისის ქარების (პოდაგრის), სიყვითლისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ, პირის ღრუსა და ენის ანთების სამკურნალოდ.
გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას.
ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები