მრავალფეროვანმა ბუნებამ, ისტორიული განვითარების გზამ საქართველოს თითოეულ კუთხეში თავისებური ყოფითი კულტურის ჩამოყალიბება განაპირობა. თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული კუთხის კვების სისტემაც.
საქართველოს ნებისმიერ კუთხეს აქვს საკუთარი, სხვებისგან გამორჩეული კერძი და პროდუქტი. თუმცა, არსებობს რამდენიმე კერძი, სადაც ყველა კუთხის გზა იკვეთება.
საცივი უპირველესია, რაც ქართულ საახალწლო სუფრას უკავშირდება – მზადდება ქათმის ან ინდაურის ნაწილებისგან, რომლებიც წინასწარ მომზადებულ ბულიონში თავსდება. ბულიონის განუყრელი ნაწილი ნიგოზია.
ქართული სუფრის მსგავსად, ტოლმა არაერთი ქვეყნის სუფრას ამშვენებს. მზადდება ბრინჯისგან, ხახვისგან, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტებისგან, რომლებიც კომბოსტოში ან ვაზის ფოთოლშია გახვეული.
ფხალეულს საქართველოში ძალიან გემრიელად ამზადებენ – მთაში თუ ბარში მისი მომზადების არაერთი რეცეპტი არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფხალეულს ძალიან უხდება ნიგოზი.
ნიგვზიანი ბადრიჯნის ხვეულა კეთდება შემწვარი ბადრიჯნისგან და შეზავებული ნიგვზისგან, რომლებიც გადახვეულია ერთად.
ბაჟე – ქართული ტრადიციული სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც ნიგოზი, სუნელები და ნიორი გამოიყენება.
შემწვარი გოჭი ქართველებს გამორჩეულად უყვართ. სხვადასხვა კუთხეში მის მოსამზადებლას სხვადასხვა ინგრედიენტს იყენებენ.
მისი უდიდებულესობა ხინკალი წარმოიშვა საქართველოს მთიან რეგიონში. კარგ ხინკალს შიგნით უნდა ჰქონდეს წვენი. ხინკალს გემოვნების მიხედვით ამატებენ შავ პილპილს, ან ძმარს. ტრადიციულად ხინკალი დანაოჭებული ცომით იხვევა და საქონლის ან ღორის ხორცით სანელებლებთან ერთად ივსება. მოხვეული ცომი, ერთიანი, ზედა ნაწილით იკვრება რასაც „კუჭს“ ვეძახით ხოლმე. მოხვეული ხინკალი იხარშება და მისი შიგთავსი, წვენი განსაკუთრებულ გემოსა და არომატს იძენს. ხინკალს ცხვრის ხორცით მხოლოდ საქართველოს მთიან რეგიონებში ამზადებენ. თუკი ვეგეტარიული ხინკალი გსურთ მაშინ სოკოს ან კარტოფილის შეგიძლიათ მიირთვათ. მირთმევამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ხინკალი, ტრადიციულად, ხელით იჭმევა და მისი შიგთავსი წვენი თეფშზე არ უნდა გადმოიღვაროს.
ჩაქაფული მადისაღმძვრელი ქართული კერძია. ის ტრადიციულად კეთდება ცხვრის ხორცისგან, ტარხუნისგან, ტყემლისგან, მშრალი თეთრი ღვინისგან, მწვანილებისა და ნივრისგან.
გამორჩეული ხაჭაპური. საქართველოს ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი ხაჭაპური აქვს – ისეთი, რომ შეუძლებელია, ერთი მეორეს შეადარო.
შქმერული – რაჭიდან.. ესაა ნივრის, რძის ან არაჟნის წვენში ჩალაგებული ქათმის შემწვარი ხორცი, მარილითა და წიწაკით შენელებული. ყველაზე გემრიელი კეცზე მომზადებული გამოდის.
მწვადი წალამზე – ქართულ წალამზე შემწვარ მწვადს სხვა გემო და არომატი აქვს. წალამი ვაზის ნასხლავია. ყველაზე პოპულარული საქართველოში ღორის მწვადია.
ქაბაბი რბილი, ფაფუკი, არომატული, თითქოს წვნიანიც. ქაბაბის განსაკუთრებულ გემოს საქონლისა და ღორის ხორცის ფარშში ქათმის ფილეს დამატება ქმნის. ძალიან უხდება ქაბაბს ქართული საწებელი.
ელარჯი სამეგრელოს რეგიონის მადისაღმძვრელი კერძია, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანს. ის შედგება უხეშად დაფქული სიმინდის ფქვილისა და ყველისგან, რომლებიც ერთად იხარშება.
ლობიო ქოთანში – ძირითადად მწნილთან ერთად მიირთმევენ. ნოყიერი, გემრიელი და არომატული გამოდის. მჭადებთან და ყველთან ერთად ხომ საუცხოოა!
ჩახოხბილი ფრინველის ხორცით მზადდება. დაჭრილი ხორცი ძალიან დაბალ ცეცხლზე თავისივე ცხიმსა და წვენში იშუშება, შემდეგ ბოსტნეულითა და პომიდვრით შეიკმაზება და უგემრიელეს წვნიანად იქცევა.
მისი სახელი თბილისის შესახებ ლეგენდას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასალს ხოხობი დაუჭრია, დაჭრილი ფრინველი წყალში ჩავარდნილა და გაფუფქულა. მეფეს ამ ადგილას ქალაქის აშენება უბრძანებია და, თბილი წყლების გამო, სახელად თბილისი უწოდებია.
სწორედ იმ ხოხბის გამო ჰქვია ამ თბილისურ კერძს ჩახოხბილი.
კუბდარი სვანური გულსართიანია. მზადდება დაკეპილი ხორცით, გიცრულით – ტყის ქონდრითა და სვანური სუნელებით, რომლებიც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ არომატებს აფრქვევს.
ყველი საქართველო ყველეულის სამოთხედ შეიძლება მივიჩნიოთ, მისი 60-ამდე ნაირსახეობაა. შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის ყველეული დააგევმოთ: იმერული, გუდის ყველი, სულგუნი, ქართლური ყველი, მესხური ტენილი, დამბალხაჭო, სვანური ნარჩვი, კალტი, თხის ყველი და საოცარი ხანის ჭურის ყველი.
პური – „დედას პური“, შოთები და ლავაშები.
შოთის გამოსაცხობად მნიშვნელოვანია თონე. ეს მიწაში ჩადგმული უძირო და ცილინდრული ფორმის თიხის ნაკეთობაა. საოჯახო თონის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც წესი, ერთი მეტრია. თონის მიწისზედა ნაწილის გასამაგრებლად და სიმხურვალის შესანარჩუნებლად ირგვლივ წნელს ან ხის ფიცრებს აკრავენ.
როგორც ღირსეული სტუმარი, აუცილებლად აღმოჩნდები ქართულ სუფრასთან, 8000-წლიანი ისტორიის მქონე ღვინით სავსე პირველ ჭიქას დააგემოვნებ და იწყება სტუმრის თავგადასავალი – სადაც არ უნდა წახვიდე ამ პატარა ქვეყანაში, ყველა მხარეში სუფრასთან მიგიპატიჟებენ და განსხვავებულ, ორიგინალურ ღვინოს შემოგთავაზებენ. ღვინის სამშობლოში, საქართველოში, დღეს 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზია შემორჩენილი. როგორც მკვლევრები ამბობენ, წლების წინათ მათი რაოდენობა 1500-ამდეც კი იყო. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მასალა აძლევს ქართველ მეღვინეებს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა კუთხეში, თითოეულ სოფელში და თითქმის თითოეულ ოჯახში განსხვავებული თვისებების ღვინო აღმოგაჩენინონ თავისი განსაკუთრებული არომატებითა და სხვა მახასიათებლებით.
საქართველოში ღვინოს ოდითგანვე ქვევრში აყენებდნენ. ეს არის თიხის უნიკალური ჭურჭელი, რომელიც მიწაში იდგმება, შიგნით ყურძენი ჩაიწურება, დადუღდება, შემდეგ ჰერმეტულად თიხითვე იხურება და იწყება ემოციური მოლოდინი – რა დაგვხვდება, როდესაც ქვევრს მოვხდით.
საქართველოში, ღვინის სამშობლოში მოგზაურობას თბილისიდან თუ იწყებ, აქ, როგორც დედაქალაქს შეეფერება, საქართველოს თითოეული კუთხიდანაა თავმოყრილი ყველა სახეობის ღვინო. რესტორნებში საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა გენიალური ქართული ღვინის მთელი სპექტრისთვის თვალის შესავლებად უმჯობესია, სპეციალიზებულ ღვინის რესტორნებსა და ბარებს ესტუმრო.
მეღვინეობით განთქმულ კახეთში თუ გაემგზავრები, აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნო რქაწითელი, საფერავი, ქისი, მწვანე, ხიხვი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაული. კახელები ამ ღვინოების შესაბამისი კერძებითაც გაგიმასპინძლდებიან – ცნობილი კახური მწვადით, ხაშლამით, გუდის ყველითა და სხვა კერძებით.
ქართლში გორული მწვანე და ჩინური უნდა დააგემოვნო. საკმაოდ კარგი ბუკეტით გამოირჩევა ამ ორივე ჯიშის კუპაჟიც. გრილი ცქრიალა ღვინო ატენური არის შესანიშნავი სასმელი.
იმერეთში ციცქა-ცოლიკოური და კრახუნა გელოდება, მაღალი მჟავიანობით, სიმსუბუქეთი და შედარებით თხელი სტრუქტურით. ასევე ძელშავი და ალადასტური იქნება კარგი სასიამოვნო დასალევი იმისთვის, ვინც წითელ ღვინოში ეძებს სიმსუბუქეს.
გურიასა და აჭარაში სახელგანთქმული ჩხავერი, ადგილობრივ კერძებთან ერთად, დაუვიწყარ გემოებს გპირდება.
სამეგრელო ოჯალეშით შეგათრობს თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.
რაჭა-ლეჩხუმში ლეგენდარული დესერტული ღვინოები – ხვანჭკარა, ტვიში და უსახელოური გელის. რაჭველები ცნობილი ლორით, ხაჭაპურითა და ლობიანებით, უკვე იაპონიამდე სახელგანთქმული შქმერულით გაგიმასპინძლდებიან.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები