ნათელა ბიჩელაშვილი თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში ცხოვრობს. უყვარს შრომა და ბავშვობიდან თავდაუზოგავად მუშაობს. ჰექტარობით მიწას ამუშავებს, მოჰყავს მოსავალი, უვლის ფერმას და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. წუხს, რომ სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან, რადგან იქ სამუშაოს ვერ შოულობენ, არადა, ადრეულ წლებში საყდრიონში სიცოცხლე დუღდა და იქიდან წასვლაზე არავინ ფიქრობდაო.
– აქაური ვარ, აქ დავიბადე და მიყვარს ჩვენი სოფელი. მშრომელ ოჯახში გავიზარდე. ოთხ დედმამიშვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავშვობიდან ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა. სოფელში მეურნეობას ყველა უძღვებოდა და ჩვენი ოჯახიც სულ შრომაში იყო, ვუვლიდით საქონელს, ფრინველს, ბაღს, ბოსტანს. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე, პროფესიით აგრონომი ვარ. მეურნეობაში მეთესლე აგრონომად ვმუშაობდი. მერე, იჯარით მიწის გაცემა რომ დაიწყო, მეურნეობის დირექტორს რაიონის ხელმძღვანელისგან დაევალა, სოფელში ბოსტნის დამუშავება დაგვეწყო. მეურნეობის დირექტორმა რატომღაც მე მითხრა, ყოჩაღი ხარ, ხალხი აიყვანე და მუშაობა დაიწყეთო. 5 ჰა გავიპიროვნეთ. 3 ჰა-ზე კომბოსტო მომყავდა, 1 ჰა-ზე – პომიდორი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული. 100 ტონა კომბოსტო მოვიწიეთ და მაშინ ასეთი მოსავლიანობა ჩვენს რაიონში წარმოუდგენელი იყო. ეს საქმიანობა 1992 წელამდე გაგრძელდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები