2024 წელს ნედლი რძის წარმოება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, ფასი კი გაიზარდა, რასაც სექტორში მომუშავე კომპანიები ადასტურებენ.
მათი თქმით, ბაზარზე ფალსიფიცირებული რძის პროდუქტების რაოდენობა გაიზარდა, რაც დარგს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამასთანავე, საქსტატის მონაცემებით, რძის შემცვლელი პასტის იმპორტი საქართველოში 71%-ით გაიზარდა, რაც დარგის წარმომადგენლებმა საგანგაშოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი მომავალში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას დააზარალებს.
„კავკასუს გენეტიკას“ დირექტორის, გიორგი ხატიაშვილის თქმით, 2024 წელს საქართველოში ევროპიდან მსხვილფეხა საქონლის იმპორტი შემცირდა, რაც ფერმებს გაფართოების საშუალებას არ აძლევს. მას მიაჩნია, რომ ნედლი რძის წარმოების შემცირების ფონზე, დამატებითი გამოწვევა გახდა იმპორტირებული რძის პასტისა და ფხვნილის გამოყენება, რამაც ადგილობრივი წარმოება დაასუსტა.
გარდა ამისა, გასულ წელს ევროპაში ცხოველებში გავრცელებული დაავადების, ბლუტანგის გამო, სანაშენე ცხოველების ექსპორტი შეჩერებულია, რაც კიდევ ერთი გამოწვევაა, რადგან ფერმებში საჭირო საქონლის დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. შედეგად, ნედლი რძის მიწოდება ვერ გაიზარდა.