შპალერი ასე მოაწყვეთ…. – არც ძველებური, მამაპაპური, აკაციის ბოძებია ურიგო

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
2 წუთიანი წაკითხვა

შპალერი ასე მოაწყვეთ

შპალერის მოსაწყობად საჭიროა: მწკრივის ბოლოებში დასაყენებელი ბოძები, შუალედური სარები და 2-2,5მმ სისქის თუთიის მავთული. ყველაზე ეკონომიურია რკინაბეტონის ბოძები და სარები, თუმცა უფრო გამძლე მაინც T-ს ფორმის რკინის ბოძები და მილებია. არც ძველებური, მამაპაპური, აკაციის ბოძებია ურიგო: თუ ბოლოებს მო­უწვავთ, თავებს კონუსისებურად წაუთლით და შეღებავთ, 15-20 წელს გაძ­ლებს.
სათავე ბოძების დასაყენებლად თხრიან 60-80სმ სიღრმის ორმოს, ერთდროულად ითხრება მეორე ორმოც ღუზისთვის, რომელიც ზუსტად მწკრივის სიბრტყეში უნდა მდებარეობდეს. ღუ­ზისთვის არჩევენ 5-8-კგ-იან მავთულისმარყუჟიან ქვას. დებენ მიწაში ისე, რომ მარყუჟი მოექცეს მიწის ზევით, აყრიან მიწას და მაგრად ტკეპნიან. შემდეგ ჩააყენებენ ბოძს და მასაც მაგ­რად მი­უტ­კეპნიან მიწას, რათა ორმოდან ამო­ყ­რილი მი­წის არც ერთი ნამცეცი არ დარ­ჩეს მიუტკეპნელი. ამის შემდეგ ბოძები მაგრდება ღუზებ­ზე. მო­აბით ორმაგი მავთული – ერთი ბოძის წვერში, მე­ორე – შუაში, გამოაბით ღუზის მარყუჟს, მე­რე გა­უყა­რეთ ორმაგ მავთულში ქანჩი და კარგად დაქანჩეთ; სარების დასა­ყენებლად ბოძებზე გააბით კანაფი, მონიშნეთ 6-8 მ-ის მანძილზე ადგილები და ჩასვით სარები.
მავთულს ვაბამთ, რა თქმა უნდა, ჯერ ბოძებ­ზე, ხოლო შემდეგ სარებზე. თუ რა სიმაღლეზე იბმება მავთულები, დამოკიდებულია შპალე­რის ტიპზე. მავთულების დასაჭიმად იყიდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც თავისი აგებულებით მარტივი და ადვილად გამოსაყე­ნებელია. თუ ბოძები და სარები მეტალისაა, აუცილებლად უნდა დაიხვრიტოს საჭიროებისამებრ.

მათთვის, ვინც ვენახის გაშენებას აპირებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის