გიორგი დარციმელია Queen Tamada-ს დამფუძნებელი; “სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის” წევრი და “სომელიეთა ასოციაციის წევრი” გახლავთ.
აქვს კომპანია, რომელიც ღვინის ტურებს აწყობს. ეს არის სპეციალიზირებული ტური, რომელიც კეთდება ღვინის ელემენტით, რაც გულისხმობს მარნების მოძიებას, ღვინის დეგუსტაციას. აქცენტი გასტრონომიაზე კეთდება… ეს გულისხმობს ქართული სამზარეულოს ეთნოგრაფიას.
გიორგი დარციმელია ამბობს, რომ საქართველოს ვენახების 70%-ზე მეტი მოდის კახეთზე. ამ მხრივ კახეთია გამორჩეული – ვენახების, ტურების და ღვინის რაოდენობითაც. ბოლო პერიოდში წინ წამოვიდა რაჭა და იმერეთი – ამ ორივე მხარეს უაღრესად საინტერესო ღვინოები აქვს. წარმატებით მუშაობს მცირე მარნები.
გიორგი დარციმელია ჩართული იყო პროექტში, შექმეს “მარნის მასპინძლობის” კურსი, რომელიც სახელმწიფომ დაამტკიცა და ისწავლება პროფესიულ სასწავლებლებში.
ამ ორი რეგიონისთვის არსებობს სახელმძღვანელო მარნის მასპინძლობისა, რომელიც გულისხმობს ტურისტის მასპინძლობას, გიდის უნარებს და სომელიეს ციდნას ანუ ღვინო და ტურიზმი გაერთიანდა ამ კურსში.
მიზანი ისაა, რომ ადგილობრივმა მიიღოს ეს ცოდნა, დასაქმდეს და ტურისტის მასპინძლობიდან მიიღოს შემოსავალი.
„იმერეთი აქტიურობს ამ მხრივ, თუმცა რაჭასთან შედარებით იმერეთი რაოდენობითადაც ჭარბობს… ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ რაჭის მარნებმა ამაზე ჯერჯერობით უარი თქვეს. არადა, რაჭა განსაკუთრებულია და დიდი პოტენციალი აქვს… რაჭაში ყველაზე ნაკლები ტურისტი მყავს და ეს გულდასაწყვეტია.
იმერეთში პოპულარულია მასპინძლობა, დეგუსტაცია ადგილობრივი კერძების – იმერული სოფელი ამ კუთხით ძალიან გამოცოცხლებულია, იმერლებმა კარგად აუღეს ალღო. რაჭაში კი ცოტა მძიმედ გვაქვს ეს საკითხი…“ – განაცხადა გიორგი დარციმელიამ.
მისი თქმით, რაჭა ძალიან საინტერესო მხარეა ტურიზმის თვალსაზრისით. როდესაც წერდა სახელმძღვანელოს, იგულისხმებოდა თანამშრომლობას რაჭაში მეღვინეობებთან. მხოლოდ ერთეული კომპანიებისგან იყო გამოეხმაურება… როგორც ჩანს, ვერ გაარკვიეს ღვინის მწარმოებლებმა, რაში სჭირდებათ ეს კურსი…
„ჩვენი სტრატეგია იყო ადგილობრივების დასაქმება და სერვისების შექმნა, რაც გულისხმობს ტურისტის მასპინძლობას, რაც ადგილზე დაასაქმებდა ადამიანს და შემოსავალსაც მოიტანდა, ასევე გაყიდვებს შეუწყობდა ხელს.
ბევრ მცირე მწარმოებელს იმის საშუალება არ აქვს, რომ მარკეტინგის სამსახური ჰქონდეს და ექსპორტზე გაიტანოს. ამიტომ მისი ღვინის გატანას პერსპექტივა აქვს, თუ ვიღაცის გასატან ღვინოს თავის ასეულ ბოთლს მიამატებს. ამ შემთხვევაში მის მოგებას ერთი ნული მაინც აკლდება ანუ ათჯერ ნაკლები იქნება იმაზე, ვიდრე ღვინის ტურიზმით შეეძლებოდა, მიეღო. მოკლედ, ღვინის ტურიზმი შემოსავლის თვალსაზრისითაც საინტერესოა, დასაქმების მხრივაც და სხვა დონეზე გადაჰყავს ტურიზმი.
რეალურად, გადახდისუნარიანი ტურისტი ჩადის და ადგილზე აგემოვნებს ღვინოებს. ამ პროცესში ერთვება საკვები, სხვა სერვისები… ამ მხრივ ადგილზე გაცილებით მეტი ფული რჩება, ვიდრე ღვინის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში. დღეს სერვისი ყიდის პროდუქტს“, – ამბობს გიორგი დარციმელია.
როგორც მან აღნიშნა, თითქმის ნახევარზე მეტის ექსპორტირება ხდება რუსეთში. ასევე 47 ქვეყანაში მოხდა წელს გატანა ქართული ღვინისა. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ საექსპორტო პროდუქციაში ღვინოს არ უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი შემოსავლის მხრივ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს კვალიფიციური პროფესიონალი მუშახელი, განსაკუთრებით ადგილზე იყოს მნიშვნელოვანი შემოსავალი, რაც მოაქვს განსაკუთრებულ პროდუქტს და განსაკუთრებულ სერვისს – ღვინის ტურიზმი ამას ადასტურებს.
„ რაც შეეხება ღვინის საერთაშორისო კურსს, რომელსაც ვასწავლი და ვარ ე.წ. აკრედიტირებული მწვრთნელი – ეს არის საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლის საგანმანათლებლო ფონდი. მისი ცენტრი არის ლონდონში და ჩვენ ვამზადებთ და იბარებს გამოცდას – ხეცურიანის სომელიეს სკოლა…
მე-11 წელია, ამას ვაკეთებთ და თუ დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი გვყავდა, ახლა ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს. ასევე, თუ ადრე თანამშრომლებს გზავნიდა რესტორანი, დღეს თავად მწარმოებლებლები და ბიზნესის მფლობელები მოდიან, რათა გაიარონ ეს კურსი ანუ დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ხვდებიან, რომ კარგი გაყიდვებისთვის სჭირდებათ კარგი წარმოდგენა ღვინის სფეროზე.
საერთაშორისო ღვინოებს, რეგიონებს, ეტიკეტირებას, ეტიკეტის წაკითხვას. ეს კურსი არის ზუსტად იმის ახსნა, თუ რატომ იყიდება ღვინოები საშუალო და მაღალ ფასად და რა მონაცემები უნდა ჰქონდეს ღვინოს ამისთვის. ეს არის წმინდა სტრაგეგიული ცოდნა, რასაც აძლევს Wset-ის კურსი და თვალს უხელს საერთაშორისო ღვინის ბიზნესზე გლობალური მასშტაბით… სადაც არ უნდა ახსენოთ, რომ wset-ის რომელიღაც დონე გაქვთ, ყველამ იცის აღნიშნული ღვინის სფეროში“, – განაცხადა გიორგი დარციმელიამ.
მისივე თქმით, პოლონელი ტურისტების წილი იზრდება და იმედია, ის ქვეყნები, რომელთაც განსაკუთრებული პროდუქტი აინტერესებთ, უფრო აქტიურად ივლიან საქართველოში – დიდ ბრიტანათს და სკანდინავიის ქვეყნებს გამოვყოფდი ამ მხრივ. განათლებით – პირველ რიგში. სადაც არაა ცოდნა, იქ ხედვაც არაა და ხედვის გარეშე, არც ერთი საქმე არ გამოდის.
„განათლებაზე უკვე ვისაუბრე და თუ განათლება პრაქტიკასთან ერთად არ იქნა, შედეგი ვერ დადგება… როცა დავიწყე საქმიანობა გიდად, მსოფლიო ფედერაციის კურსი გავიარე და ამ დონის ტრენერი გავხდი. რაც შეეხება ღვინის ტრენერს, ლონდონის wset გავიარე, ავედი მე-3 დონეზე და მერე ჩავაბარე მწვრთნელის გამოცდა, რათა მიმეღო აკრედიტაცია. ასე რომ, ვეცადე ორივე სფეროში საერთაშორისო ცოდნა მიმეღო და ეს ცოდნა გამეზიარებინე საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში გამოვყოფდი ორ ჯიშს, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა აქვს და 1000 ევროდ გაიყიდება, ეს არის “უსახელაური” და “ოცხანური საფერე”.
აღმოსავლეთ საქართველოში “საფერავს” ჯერ კიდევ აღმოსაჩენი აქვს პოტენციალი, მაგრამ გამოვყოფდი მაგალითად: “ქართლის შავკაპიტოს” და “თავკვერს”. წლიდან წლამდე ამ ღვინის მწარმოებლები უფროდაუფრო საინტერესოდ აკეთებენ… ძალიან პოპულარული გახდა “ქისი” კახეთში და ამ მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს. დასავლეთ საქართველოში ჩემი საყვარელი ჯიშია “კრახუნა”…
“ცოლიკაურის” ღვინოები ჯერ კიდევ აღნოჩენის პროცესშია. ვფიქრობ, უნდა გადავიდეს საქართველო ნახევრად ტკბილი ღვინოებიდან უფრო მშრალი ღვინის წარმოებაში და გადავიდეს სხვა ტექნოლოგიაში ანუ სტილურად სხვა ღვინოები აწარმოოს. ინვესტიცია დიდ თანხას, სწორ გათვლას და დროს მოითხოვს – შრომატევადი საქმეა. კარგია, რომ სახელმწიფოს მიდგომა აქვს მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობისა, რაც სასიხარულოა…
ვახსენე ჯიშები, რომლებიც ძველი, მივიწყებული და გადაშენების პირას მყოფია, მაგრამ მათი აღდგენა დაიწყო, საუკეთესო ღვინოს აყენებენ, რაც კარგია… ისევ ტურისტმა უნდა გაუკეთოს ამას პოპულარიზაცია ანუ ღვინის ტურიზმი იქნეს გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. რაოდენობიდან ხარისხზე უნდა ორიენტირდეს …“ – აღნიშნა მან.
„რომ დაძველდეს, უნარი უნდა ჰქონდეს ღვინოს. ისეთი საინტერესო ღვინოები კი, რომელიც განსაკუთრებით ფასობს, სწორი დაგეგმვით მიიღწევა. ეს ქმნის განსაკუთრებულ ხარისხს, რომელსაც განსაკუთრებული ფასი აქვს. 2 დოლარად იყიდება ქართული ღვინო სადღაც სარდაფში და ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაიყიდიოს ასე დაბალ ფასად, რადგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ვაზის მოვლა და მერე დაღვინების პროცესს, წარმოებას, შესაბამის შენახვას და ა.შ. ეს ყველაფერი ხარჯს მოითხოვს.
თან თუ დავარგების უნარიანია, ამასაც დრო სჭირდება, რაც ხარჯიანია… საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, რადგან სექტორში არ არის საკმარისი თანხა საამისოდ“, – აღნიშნა გიორგი დარციმელიამ.
მისი თქმით, გიდები არიან ფლაგმანები… დღეს პროგრესი აქვთ, სულ სხვა დონეზე ავიდა და ძალიან საინტერესო, ნიჭიერი ადამიანები შემოიყვანა ამ საქმიანობაში ქართულმა ტურიზმმა. მათ შქემნეს “ვერცხლის სამკერდე” და ეროვნული სერტიფიცირების ძალიან კარგი მოდელი, ასოციაციები ყალიბდება და “სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია”, რომლის დამფუძნებელიც თავად არის, სწორედ იმას გულისხმობს, რომ გადმოიღოს მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება და ადგილზე შექმნას ეს მხარდაჭერა. გაცილებით ძვირი ღირს სერტიფიცირებული გიდი და მას უფრო დიდი მოტივაცია აქვს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სერვისი შექმნას.
კარგი გიდის შემოსავალს ჯერჯერობით ვერ შეედრება ვერც ერთი პროფესიის შემოსავალი… ბევრი ნიჭიერი ადამიანი სხვა სფეროდან იწყებს გიდად გადამზადებას, რადგან აქ შემოსავალი გაცილებით დიდია…
„ჩვენ გვაქვს საგამოცდო სისტემა, ხოლო ტრენინგ კურსი გულისხმობს ამ გამოცდებისთვის მომზადებას. გიდისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკა, ის მოქმედი უნდა იყოს, რომ შეძლოს ამ გამოცდების ჩაბარება ანუ თვითგანათლებაა აქ მნიშვნელოვანი და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანები პრაქტიკული საქმიანობით იღებენ უნარებს და გამოცდილებას.
ჩვენი ასოციაცია მსოფლიო ფედერაციის წევრია…“ – განაცხადა გიორგი დარციმელიამ.
ავტორი: თათია გოჩაძე
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები