მყნობის წესები და ვადები
კვირტით მყნობა. კვირტით მყნობის ვადაა – ივლისი-აგვისტო.
1. როგორც წესი, საძირეებად გამოიყენება ერთწლიანი ნათესარები. შემოდგომით ან ზამთარში საძირეები გადარგეთ ღია გრუნტში. კარგად მოუარეთ, არ მოაკლოთ წყალი, მოაცილეთ სარეველები და მიწა გააფხვიერეთ;
2. ზაფხულში მიწიდან კენწეროსკენ 30სმ სიმაღლეზე შეაცალეთ ყველა ამონაყარი და ფოთოლი;
3. საძირის ქერქზე გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი და ქერქის გვერდები ოდნავ მოილეთ მერქანს;
4. სანამყენეზე არჩევენ ერთწლიან, კარგად განვითარებულ ყლორტს, საიდანაც ათლიან ასევე საუკეთესო კვირტს;
5. კვირტზე არსებულ ფოთოლს აჭრიან ისე, რომ ზედ შერჩეს ყუნწის ნახევარი;
6. ათლას იწყებენ ქვემოდან, კვირტამდე 6-7 მილიმეტრის დაცილებით;
7. ათლიან, რაც შეიძლება, თხლად, რათა მერქანი არ გაჰყვეს;
8. კვირტს ჩასვამენ ჭრილში და ზედა ნაწილს აჭრიან ჰორიზონტალური ჭრილის ზომაზე ისე, რომ თ-ჭრილის ზედა ნაწილში ჩაჯდეს;
9. კვირტს ისე, რომ არ დაიფაროს, ახვევენ გამჭვირვალე, წებოვან პოლიეთილენის ლენტს;
10. დატოვებული ყუნწის ნახევრის დანიშნულებაა ნამყენის შემოწმება: თუ თითის ოდნავი შეხებით ყუნწი მოსძვრა, ე.ი. შეხორცება კარგია;
11. როცა დარწმუნდებით, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ლენტი მოხსენით;
12. ადრე გაზაფხულზე კვირტის ზემოთ დარჩენილი ღერო სეკატორით ფრთხილად მოჭერით;
სანამყენე დანა და სეკატორი უნდა იყოს სუფთა და ძალიან კარგად გალესილი. რა თქმა უნდა, ხელების სისუფთავეც აუცილებელია. კვირტით მყნობის საუკეთესო პერიოდია აგვისტო.
კალმით მყნობა. კანქვეშ მყნობა:
გადახერხეთ საძირის ტოტი ჰორიზონტალურად. ჩაჭერით ბასრი დანით 3-4 სმ სიგრძეზე, გათალეთ კალამი ისე, რომ გული არ გააყოლოთ, გადაუწიეთ ნაპირები ჩაჭრილ ქერქს და ჩასვით შიგ კალამი. შემდეგ მჭიდროდ შემოახვიეთ პოლიეთილენის სახვევი, ხოლო გადანაჭერზე წაუსვით ბაღის მალამო.
სოლით მყნობა:
კალამს ორი მხრიდან ჩაათალეთ ისე, რომ მიიღოს სოლის ფორმა. ჩაჭერით საძირეზე (გააპეთ) ზუსტად იმ სოლის ზომაზე, ჩასვით კალამი, შემოუჭირეთ მჭიდროდ პოლიეთილენის სახვევი და გადანახერხზე წაუსვით ბაღის მალამო. კალამი ისე უნდა ჩასვათ ჭრილში, რომ კალმის ქერქი ზუსტად ემთხვეოდეს საძირის ქერქს.
შენიშვნა: კალმები უნდა იყოს ორკვირტიანი, დანა აუცილებლად სუფთა და ბასრი. თუ ერთ ცდაზე არ გაგიმართლათ, სცადეთ მეორეჯერ.
ორივე ზემოხსენებული ხერხით ერთ საძირეზე შეგიძლიათ დაამყნოთ ორი კალამი, თუნდაც სხვადასხვა ჯიშისა, მაგალითად – საადრეოც და საგვიანოც.
კალმით მყნობა ტარდება გაზაფხულზე, აპრილის თვეში, როცა ინტენსიურად მიმდინარეობს წვენის მოძრაობა.
სანამყენე კალმებად იანვარ-თებერვალში იჭრება გასამრავლებლად სასურველი ჯიშის ერთწლიანი, 3-4-კვირტიანი კარგად განვითარებული კალმები. შეკარით კონებად, ჩაფალით სველქვიშიან ყუთებში და შეინახეთ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0ºჩ-მდეა.
როცა ლაპარაკია კალმით მყნობაზე, აქ არასოდეს იგულისხმება ასაკობრივი საძირეები, მათზე კვირტისა და კალმის ჩამყნობა – წყლის ნაყვაა. ამყნობენ მხოლოდ ერთწლიან ნათესარებს. საძირე ფესვის ყელის არეში, იქ, სადაც უნდა ჩაჯდეს სანამყენის კალამი, უნდა იყოს არანაკლებ 12 მილიმეტრისა, ხოლო აღმონაცენის სიმაღლე 15-20 სმ, ღერძულა ფესვი და მისი ძირითადი განტოტებები კი კარგად განვითარებული.
გადამწყვეტი ფაქტორი მყნობისას არის ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა. ოპტიმალურად ითვლება 25-27ºჩ და 70-80% ჰაერის ტენიანობა. იმის გამო, რომ მყნობა მიმდინარეობს დახურულ გრუნტში, ამ პირობების დაცვა შესაძლებელია.
კალმები იჭრება ახალგაზრდა მსხმოიარე ხეებიდან. არჩევენ კარგად განვითარებულ 30სმ სიგრძისა და 7მმ დიამეტრის კალმებს, საიდანაც ჩასამყნობად იღებენ ორკვირტიან ნაწილს. ქვედა კვირტის იმ ნაწილს, რომელიც უნდა ჩაჯდეს საძირეში, ორი მხრიდან ჩამოთლიან ბასრი სანამყენე დანით და ჩასვამენ შესაბამისი დიამეტრის იმავე ფორმის ჭრილში, როგორიც გაუკეთდა კალამს; კეთდება ირიბი სოლისებრი ჩანაჭერი კალამზე და შესაბამისად – საძირეზეც.
კვირტით მყნობისას ყველაზე ადვილი ხერხია საძირეზე ასო თ-ს მაგვარი ჭრილის გაკეთება და შიგ კვირტის ჩასმა ისე, როგორც ეს კეთდება სხვა მერქნიან მცენარეებზე.
რაც შეეხება კვირტებს, მათი აჭრა შეიძლება შემოდგომა-ზამთარში აღებული კალმებიდან ან უშუალოდ მყნობის დროს.
კვირტით მყნობის საუკეთესო პერიოდია ივნისის ბოლო და ივლისის შუა რიცხვები.
რაღა თქმა უნდა, კალმითა და კვირტით მყნობის დროს აუცილებელია ნამყენი ადგილის მჭიდროდ შეკვრა.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები