რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას
ქვემოთ მოგვყავს ის ძირითადი რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს თხილის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირმა:
1. თხილის გაშენების საუკეთესო პერიოდია შემოდგომა-ზამთარი;
2. თხილის ბუჩქების გაშენება შეიძლება როგორც სწორ ადგილას, ისე 5-10º-ით დაქანებულ ფერდობებზე;
3. ფერდობზე დარგვისას ნერგები ირგვება ტერასების გარეშე, 100X100 სმ სიღრმე-სიგანის ორმოებში;
4. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თხილის გაშენებისას ორმოების ამოთხრა უმჯობესია დამთავრდეს 10 ოქტომბრისათვის;
5. აღმოსავლეთ საქართველოში თხილის გაშენებამდე, პირველ რიგში, იფიქრეთ პლანტაციის წყლით მომარაგების საკითხზე – დასავლეთში პლანტაციას არ რწყავენ, თუმცა დარგვისას წყლის დასხმა აუცილებელია;
6. ბუჩქიდან ბუჩქამდე დასატოვებელი მანძილის საუკეთესო ვარიანტია 8X8 და 10X10მ;
7. სწორ ადგილზე ორმოს სიღრმე-სიგანე საკმარისია 60X60სმ-ზე;
8. როცა ბუჩქებს შორის მანძილი 8X8 ან 10X10 მ-ია, ბუჩქებში ღეროების რაოდენობა 26-დან 30-მდე უნდა იყოს;
9. თხილის ბუჩქები შეიძლება დაირგოს 6X6, 6X7 მ კვების არის ფართობზეც, მაშინ ბუჩქებში ვტოვებთ 8-10 ტოტს, თუ კვების არის ფართობი 7X7მ-ია – 12-14 ტოტს;
10. ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ნიადაგები მაღალი ტენიანობისაა და ნარგაობა ძლიერი ზრდით ხასიათდება, დაბლობ ადგილებში უმჯობესია კვების არე იყოს 7X8 ან 8X8მ; აღმოსავლეთ საქართველოში – 6X6, 7X6 მ;
11. გახსოვდეთ! თხილს ახასიათებს არაჩვეულებრივად ძლიერი, კომპლექსური ფესვთა სისტემა, რომელიც კარგად ამაგრებს ნიადაგს. ნუ გაუშვებთ ხელიდან მცენარის ამ უნარს, გააშენეთ იგი ფერდობზე, ნიადაგსაც დაიცავთ, მოსავალსაც მიიღებთ და სწორ ფერდობებს სხვა კულტურების გასაშენებლადაც გამოიყენებთ;
12. თხილის გაშენების ყველაზე ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი მეთოდია ამონაყარებით გამრავლება;
13. ნერგების დარგვისას ყოველ ორმოში 5-6კგ გადამწვარი ნაკელი ან 100 გ გრანულირებული სუპერფოსფატი იყრება. საუკეთესო სასუქი თხილისათვის ნაკელი ან კომპოსტია;
14. დარგვამდე ამოწმებენ ფესვთა სისტემას, თუ რომელიმე ფესვი დაზიანებულია, აჭრიან ჯანსაღ ნაწილამდე;
15. დარგვამდე ნერგები რომ არ გამოშრეს, მოათავსეთ ჭურჭელში, რომელშიც წყალში გაზავებული ნაკელი და მიწა ყრია;
16. ნერგს რგავს ორი ადამიანი, ერთს უჭირავს ნერგი, უსწორებს ფესვებს, ანაწილებს მათ ორმოში, რგავს 6-8სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე დარგვის სიღრმეა, მეორე აყრის ფხვიერ მიწას და სანამ მიუტკეპნიან, ნერგს ზემოთ ამოსწევენ, რომ მიწა ფესვქვეშ კარგად შევიდეს. რგავენ ისე, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს იყოს. ამის შემდეგ მიწას მიუტკეპნიან და აუცილებლად რწყავენ, წყალს უსხამენ ნერგის ირგვლივ გაკეთებულ ჯამში. როგორც კი წყალი შეიწოვება, მონარწყავზე აყრიან მშრალ, ფხვიერ მიწას. მოსარწყავი წყლის რაოდენობა 2-3 ვედროა;
17. თხილის გაშენებისას საუკეთესო ვარიანტია პლანტაციაში არანაკლებ 4 ჯიშის გაშენება, ეს ხელს უწყობს ჯვარედინ დამტვერვასა და უხვმოსავლიანობას;
18. დარგვიდან 2 წლის განმავლობაში ნერგები არ ისხვლება. მხოლოდ მესამე წელს შეიძლება ზედმეტი ყლორტების – ცუდად განვითარებული ამონაყარების მოცილება. სცილდება აგრეთვე ხმელი, მოტეხილი და ძალიან ახლო-ახლოს მდგომი ცუდად განვითარებული ტოტები;
19. ერთწლიანი ნაზარდის დამოკლება არ არის რეკომენდებული;
20. ბუჩქების გაახალგაზრდავებაზე უნდა ვიზრუნოთ 20-25 წლის შემდეგ. ამ დროს იწყება მათი ხმობა და დაბალმოსავლიანობაც;
21. ბუჩქების გაახალგაზრდავება ხდება თანდათანობით, 6-7 წლის განმავლობაში; სხვა შემთხვევაში, მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება;
22. ბუჩქის გაახალგაზრდავებაზე უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ გაზაფხულზე, დაყვავილების შემდეგ, მაგრამ ფოთლების განვითარებამდე;
23. რაც შეეხება ბუჩქში წვრილ ამონაყარებს, ისინი ძალიან ასუსტებს ბუჩქებს და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიხშიროს 3-4-ჯერ;
24. შემოდგომით ახალგაზრდა, მსხმოიარე პლანტაციებში დაბარვის ან მოხვნის წინ აუცილებელია ბუჩქის ირგვლივ ჯამებში შეტანილ იქნას (1ჰა-ზე გადაანგარიშებით) 20ტ გადამწვარი ნაკელი, 250კგ სუპერფოსფატი და 90-120კგ ამონიუმის გვარჯილა;
25. აღმოსავლეთ საქართველოში ახალგაზრდა პლანტაციებს ესაჭიროება რწყვა – ერთხელ ზამთარში და ორ-სამჯერ ზაფხულში (მაისი, ივნისი, ივლისი).
26. მოსავლის აღების ყველაზე მოხერხებული მეთოდია ბუჩქის ქვეშ ბრეზენტის ან ჯვალოს ქსოვილის დაფენა და დაბერტყვა. ხეზე დარჩენილი ნაყოფი, რა თქმა უნდა, იკრიფება ხელით. დაბერტყვისას ჩამოდის სუფთა ნაყოფი და არ საჭიროებს გარჩევას. ხელით მოკრეფილი ნაყოფი 2-3 დღე-ღამის განმავლობაში გაშალეთ მზეზე და ჯოხის მსუბუქად დარტყმით გამოარჩიეთ. ნაყოფი დიდხანს შეინახება, თუ მას კარგად გამოაშრობთ და ჯვალოს ტომრებით შეინახავთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება.
შემოდგომაზე, დაბარვის წინ, თხილის პლანტაციის ყოველი ბუჩქის ჯამში აუცილებელია 2-3 ვედრო გადამწვარი ნაკელისა და 200-250გ სუპერფოსფატის შეტანა, ხოლო საგაზაფხულო გაფხვიერების წინ – 100-120გ ამონიუმის გვარჯილის. დიდ ფართობებზე 1ჰა-ზე შეაქვთ 20ტ ნაკელი, 250 კგ სუპერფოსფატი და 90-120 კგ ამონიუმის გვარჯილა.
საქართველოში თხილის ორმოცზე მეტი ჯიშია გავრცელებული, რომელთაგან ცხრა ჯიში ქართულია. ქვემოთ მოგვყავს სამეურნეო ღირსების მქონე თხილის ჯიშები. ამით, სავარაუდოდ, დაინტერესდებიან ფერმერები, რომლებიც ამ კულტურის სამრეწველო მიზნით გაშენებას აპირებენ. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება მოყვარული მეურნეებისთვისაც. ამრიგად, თხილის ქართული ჯიშებია:
გულშიშველა – გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სადაც ძირითად სამრეწველო ჯიშს წარმოადგენს. ხარობს ბუჩქის სახით, ნაყოფი პირველად გამოაქვს მესამე წელს, რის შემდეგაც რეგულარულად მსხმოიარობს. თითოეული ბუჩქიდან საშუალოდ იღებენ 3,5-4კგ-ს, ანუ ჰა-ზე 8-10 ც-ს. საადრეო კარგი გემური თვისებების მქონე ჯიშია; იკრიფება ივლისის პირველ ნახევარში. მსხვილი ნაყოფის წონა საშუალოდ 2,1 გ-ია, ამასთან გული ნაჭუჭს ყოველთვის ავსებს. ამ ჯიშის თხილის გულის გამოსავლიანობა 48%-ია, ცხიმიანობა 66,5%.
ხაჭაპურა – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. გავრცელებულია გურია-აჭარის რეგიონებსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საადრეო, საშუალომოსავლიანი, სამრეწველო ჯიშია. კრეფენ ივლისის მეორე ნახევრიდან. თითოეული ბუჩქიდან გროვდება 2,5-3 კგ თხილი, ერთ ჰა-ზე – 6,5-7 ც. ნაყოფედში 3-4 ნაყოფია. ნაყოფის საშუალო წონაა 2,5 გ. ამ ჯიშის თხილის გულის გამოსავლიანობა 46%-ია, ცხიმიანობა – 65,9%.
შველისყურა (სინონიმი: სკვერი) – უმთავრესად გავრცელებულია გურიის რეგიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ სინონიმით არის ცნობილი. პირველად ისხამს დარგვიდან მესამე წელს. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. უხვმოსავლიანია, ბუჩქიდან საშუალოდ გროვდება 3,5-4 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 8,5-9 ც. კარგად ეგუება გარემო პირობებს.
ცხენისძუძუ (სინონიმი: ცხენისკბილა) – გავრცელებულია გურიაში. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. ნაყოფედში 3-6 თხილია, ნაყოფის საშუალო წონაა 2,1-2,3 გ. თხილის ამ უხვმოსავლიანი ჯიშის გულის გამოსავალია 53%, ცხიმიანობა – 69%. ბუჩქიდან იკრიფება 4,3 კგ თხილი, 1 ჰა-ზე 12-13 ც. სამრეწველო თვალსაზრისით, მისი გაშენება მიზანშეწონილია შედარებით ნოტიო კლიმატურ პირობებში.
ფუთქურამი (სინონიმი: ანაკლიური) – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ფართოდაა გავრცელებული სამეგრელოში, წამყვანი ჯიშია აფხაზეთში, სადაც ანაკლიურ ჯიშად მოიხსენიება. მავნებლების მიმართ გამძლეა, იკრიფება იმავე პერიოდში, როგორც ზემოჩამოთვლილი ჯიშები. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით, ნაყოფის საშუალო წონაა 2,4 გ. თხილის ამ ჯიშის გულის გამოსავლიანობა 45-47%, ცხიმიანობა 68.8%-ია. ბუჩქიდან საშუალოდ იკრიფება 3,5 კგ, 1 ჰა-ზე – 8,5-10 ც. სამრეწველო თვალსაზრისით, მისი გაშენება მიზანშეწონილია შედარებით მშრალ პირობებში.
ჩხიკვისთავა – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ჯიში გავრცელებულია გურიის რეგიონში. უხვმოსავლიანია, ოღონდ აუცილებელია მისი დარგვა სხვა ჯიშებთან ერთად ჯვარედინი დამტვერვის მიზნით. ნაყოფი სხვა ჯიშებთან შედარებით წვრილია, მისი საშუალო წონაა 1,3-1,5 გ. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. თხილის ამ ჯიშის გულის გამოსავლიანობა 56%-ია,
ცხიმიანობა – 70%. ბუჩქიდან საშუალოდ იკრიფება 2,5 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 8 ც.
ნემსა – უმთავრესად გავრცელებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. იკრიფება 10-15 აგვისტოდან, ნაყოფედში 3-4 ნაყოფია; ბუჩქიდან საშუალოდ იკრიფება 3,8 კგ თხილი, 1ჰა-ზე – 11,7 ც. გულის გამოსავლიანობა დაახლოებით 52%-ია, ცხიმიანობა – 68,5%. ნემსა საუკეთესო სამრეწველო ჯიშია.
ვანის წითელი – საადრეო ჯიში შეირჩა სოფელ ზედა ვანში. იკრიფება ივლისის ბოლოდან, ნაყოფედში 2-4 თხილია, ნაყოფის წონაა 2-2,5 გ, ცხიმიანობა 72%. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს, გამოსავლიანობა 54,5%-ია. ამ ჯიშის თხილის ბუჩქის საშუალო მოსავალი 6კგ-ია. ძვირფასი სამრეწველო ჯიშია, თხილის კულტურის გაშენების მსურველებს ვურჩევთ მის გაშენებას.
ბადემი (სინონიმები: დედოფლისთითა, აკაკი წერეთლის თხილი) – ლიტერატურული წყაროების მიხედვით, დიდი ხანია, შემოტანილია თურქეთიდან. გავრცელებულია ყირიმში, აჭარასა და აფხაზეთში. ერთეული ბუჩქების, ზოგჯერ პლანტაციის სახითაც გვხვდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიასა და სოფელ შემოქმედში. საადრეო ჯიშია, იკრიფება ივლისის დასაწყისში; ლამაზი, საშუალო სიდიდის ნაყოფის წონა 2,5 გ-მდეა. გული ნაჭუჭს ყოველთვის არ ავსებს, მისი გამოსავლიანობა 52%-ია, ცხიმიანობა 68%. თითოეული ბუჩქიდან იკრიფება 3,2კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 12 ც. ნაკლებად ცნობილი, თუმცა სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშია, რომელიც წარმატებით შეიძლება გაშენდეს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
განჯა-თხილი (სინონიმი: კტნ-69) – აზერბაიჯანის ადგილობრივი, ხალხური სელექციით გამოყვანილი უხვმოსავლიანი ჯიშია; ერთი ბუჩქიდან იკრიფება 4,5-5 კგ, 1 ჰა-ზე – 10-12ც. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, გული ნაჭუჭს ყოველთვის ავსებს, ნაყოფის წონაა 2,5 გ, გულის გამოსავალი ნაყოფის საერთო წონის 52%-ს შეადგენს, ცხიმიანობა – 67,9%-ს. სამეურნეო ღირსებების გამო, სასურველია, გაშენდეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ბერძნულა – გავრცელებულია მთელ დასავლეთ საქართველოში. პირველ მოსავალს იძლევა დარგვიდან სამი წლის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 7-15 წლის ასაკში. ერთ ბუჩქიდან იკრიფება 5-10 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 26,5 ც. ნაყოფი, რომლის წონაა 2,1-2,5 გ, მთლიანად ავსებს ნაჭუჭს. გულის გამოსავალი ნაყოფის საერთო წონის 49-53%-ს შეადგენს, ცხიმიანობა – 63-67%-ს.
გარდა ზემოჩამოთვლილი ჯიშებისა, საქართველოში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია: გერმანული (10 ჯიში), ინგლისური (10 ჯიში), სამხრეთევროპული (2 ჯიში), თურქული (3 ჯიში), იტალიური, ჩერქეზული და ესპანური თითო-თითო ჯიში, ზოგის წარმოშობა უცნობია. მეტად საინტერესო ჯიშებია:
გერმანული: გულსავსე, დიდისფერული, ლანდსბერგის გრძელი, ლუიზა, გუსტავი, კადეტენი, სიკლერი, ბიუტნერი, ლომბარდიული წითელი, გოლიათი.
ინგლისური: ნოტინგემური, უების ძვირფასი, მეჯიქ-ბერი, როიალი, კენტის, ბადიუსი, კოსფორდი, ევგენია, გარიბალდი, დავიანა.
თურქული: კუდრიავჩიკი (ტომბული), ფურფულაკი, ბადემი.
აზერბაიჯანული: განჯა-თხილი, ათა-ბაბა, იზიუმ-შაქარი, აშრაფი, კეერასუნდის მრგვალი, ავეტის დალაქიანი, კუტკაშენი.
ეს ჯიშები საქართველოში გხვდება, მაგრამ რამდენად ხელმისაწვდომია, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია – მათი სამრეწველო დანიშნულებით გაშენება ერთობ მიზანშეწონილია.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები