წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა
გაზაფხულის წაყინვები, არცთუ იშვიათად, ემთხვევა ხეხილის ყვავილობის ფაზას. წაყინვა ხდება ტემპერატურის 0ºC-ზე ქვემოთ დაცემისას. ამ დროს მოსავალი შეიძლება მთლიანად დაიღუპოს.
წაყინვების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ბაღის დაბოლება. დასაბოლებელი მასალა (მაგალითად, ძველი საბურავები) ისე უნდა მოათავსოთ, რომ ბოლმა მთელი ბაღი მოიცვას. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ქარის მიმართულებაც. თუ საბურავები არ გაქვთ, მოუკიდეთ ჩამოცვენილ ფოთლებს, ნამჯას და ა.შ. მთავარია, ბოლავდეს.
გვიანი გაზაფხულის წაყინვებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო ხერხია მორწყვა. ამ დროს ნიადაგის ტემპერატურა ეცემა და კვირტის დაბერვა ყოვნდება.
თუ ხეხილის ნანაწილი მაინც წაგვეყინა, ხეები სათანადოდ უნდა გავსხლათ, მათი ასაკისა და წაყინვის ხარისხის მიხედვით.
სუსტად დაზიანებული ერთწლიანი ნერგები ჩვეულებრივად გაისხვლება. მოიჭრება მოყინული წვერების ნაწილები, საშუალოდ და ძლიერ დაზიანებული ნერგები ისხვლება საღ მერქნამდე.
თუ ვეგეტაციის დაწყებისთანავე შტამბის ზედა ნაწილში განვითარებული კვირტები ჭკნობას დაიწყებს, ხოლო ქვედა კვირტები კარგად ვითარდება, მაშინ ყველა კარგად განვითარებული ყლორტი უნდა დატოვოთ და ზედა ნაწილი მოაჭრათ. შემდეგში აქედან ახალი ვარჯი განვითარდება.
გახსოვდეთ
ყველა მონაჭერ ადგილზე აუცილებლად წაუსვით ბაღის მალამო.
ადრე გაზაფხულიდანვე ბაღში უნდა შეიქმნას კარგი პირობები, რაც გულისხმობს ნიადაგის ტენით უზრუნველყოფას, სასუქების შეტანას, მავნებელთა და დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები